ქეთი ტაბატაძე
80 სამშენებლო პროექტი საქართველოს მასშტაბით, 2750 გასაყიდი ბინა - თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი, რომელიც ქართულ ბაზარზე გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა, წელიწადზე ნაკლებ დროში უძრავი ქონების დაკრედიტების სფეროში ერთერთ წამყვან ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ნინო ყაჭეიშვილი, თიბისი ბანკის საცალო სესხების გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი Property Georgia-სთან ინტერვიუში სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და იპოთეკური ცენტრის მომსახურებებზე საუბრობს.
- იპოთეკურ სესხი ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია როგორც ბანკების საკრედიტო პორტფელებში, ასევე საბროკერო და უძრავი ქონების გაყიდვებზე მომუშავე კომპანიებისთვის. რა უპირატესობები აქვს იპოთეკურ ცენტრს კონკურენტებთან შედარებით?
თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრის მთავარი უპირატესობა ერთი ფანჯრის პრინციპია. ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს ბაზარზე მოქმედი ყველა წამყვანი დეველოპერის შეთავაზებებს ერთ სივრცეში, ამავე დროს, თიბისი ბანკისგან მიიღოს სასურველი იპოთეკური სესხი საუკეთესო პირობებით.
იპოთეკურ ცენტრში, მშვიდ და წყნარ გარემოში, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეველოპერების პროექტებს, ჩამოყალიბდეს თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შესაძენი უძრავი ქონება და შემდეგ მიიღოს ჩვენი იპოთეკური სესხი ხელსაყრელი პირობებით. პროექტების შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
იმისთვის, რომ ვიყოთ მუდამ კონკურენტულები ბაზარზე, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ დეველოპერთან ვითანამშრომლოთ, რა თქმა უნდა, სანდოობის პრინციპის გათვალისწინებით.
თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური და მარნეული-ჩვენს მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას დედაქალაქსა და აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე 80 სამშენებლო პროექტიდან ვთავაზობთ.
- რამდენად მზარდია მოთხოვნა ახალაშენებულ ბინებზე?
კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოთხოვნა პირველად ბაზარზე საგრძნობლად მზარდია, თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ მეორადი ბინების გაყიდვებიც აქტიურია.
- რა ძირითად ფაქტორებს ითვალისწინებს თქვენი მომხმარებელი არჩევანის გაკეთებისას?
ყურადღება ექცევა რიგ მნიშვნელოვან ასპექტს: გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი და ეკოლოგიური თვისებები, რეკრეაციული ზონის სტატუსი, ინფრასტრუქტურა. დღევანდელი მომხმარებლის მოთხოვნები საკმაოდ დახვეწილია და დეველოპერებიც ცდილობენ პოტენციური მყიდველები შესაბამისი მიწოდებით უზრუნველყონ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფასზე მოქმედებს, მაგრამ ხარისხი და კომფორტული გარემო პირობები მობინადრისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გარემონტებულ ბინებზე. თუმცა, ბევრს მაინც ბინის საკუთარი დიზაინით მოწყობა ურჩევნია.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს თუ შეუძლიათ თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
გავცემთ სესხებს როგორც უცხოეთში მყოფ ქართველებზე, ასევე უცხოეთის მოქალაქეებზე. ამ შემთხვევაში თანამონაწილეობა შედარებით უფრო მაღალია და სესხის დაფარვის ვადა-მოკლე, მაქსიმუმ 4 წელი. ეს განსაკუთრებით საინტერესოა ემიგრანტი ქართველებისთვის. იპოთეკური ცენტრის საშუალებით საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, მხოლოდ სატელეფენო საუბრით, შასაძლებელია ქვეყანაში არსებული პროექტების შესახებ კომპეტენტური და სანდო ინფორმაციის მიღება და საიმედო ბანკისგან იპოთეკური სესხის აღება. შედეგად, დაიზოგება დრო, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ვინ არის თქვენი მიზნობრივი სეგმენტი?
ჩვენი სეგმენტი მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია უძრავი ქონების შეძენით. შემოსავლების მიხედვით შესაძლებელია სასურველი არჩევანის გაკეთება. მაგალითისთვის, თბილისის გარეუბანში თუ პირობითად ვიტყვით, რომ 1მ2 ღირს $400 და განვიხილავთ ეკონომ-კლასის ფართს - 30 მ2 ბინას $12000-ის ფარგლებში შევიძენთ. თანამონაწილეობა ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება დაახლოებით $3000-ით, ყოველთიური შენატანი კი-$110-ით. ყველაზე პოპულარული უბანი გაყიდვების მიხედვით თბილისში საბურთალოა, სადაც 1მ2 საშუალოდ $800-1000 ღირს, შემდეგ დიღომი, ვარკეთილი და გლდანი. ყველაზე ძვირი ცენტრალური უბნებია, ვაკეში 1მ2-ის საშუალო ფასი $1500-2000-ია.
- რა მთავარი პრინციპებით გეგმავთ მუშაობის გაგრძელებას კონკურენტულ გარემოში?
პირდაპირი კონკურენტი დღეს არ გვყავს, თუმცა არის უამრავი საბროკერო და უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავებით დაკავებული კომპანია. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვებგვერდებზეც, სადაც ახალაშენებული ბინები უკვე ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი. ეს ლოგიკურია, რადგან მოთხოვნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მხრივ მზარდია.
ჩვენ ღია ვართ ყველასთვის. იპოთეკური ცენტრი ვერ იქნება უძრავი ქონების შეძენის ერთადერთი საშუალება. თუმცა, გვაქვს ამბიცია ვიყოთ წამყვან ხუთეულში სამომხმარებლო ბაზარზე.
- როგორ აფასებთ უძრავი ქონების სექტორის ახლად შექმნილ გზამკვლევ პორატალს www.propertygeorgia.ge?
Property Georgia საინტერესო პორტალია მათთვის, ვისაც საინვესტიციო გეგმები აქვს და სასურველ პროექტებს არჩევს. დღევანდელ ბაზარს აკლია ანალიზი. მეტი ინფორმაციაა საჭირო ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე. პრაქტიკული რჩევები სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის.